stopcov.ge უკვე აზერბაიჯანულ ენაზე მოქმედებს და რამდენიმე დღეში სომხურ ენაზეც ამოქმედდება

 საიტი stopcov.ge უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში აღნიშნული საიტი სომხურ ენაზეც ამოქმედდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, კორონავირუსთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვებგვერზე აღნიშნულ ენებზე ინფორმაციის განთავსება საშუალებას იძლევა, რომ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მოსაუბრე საქართველოს მოქალაქეებმა სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

„საიტი stopcov.ge საუკეთესო საშუალებაა, რომ მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება, როგორც არსებულ ვითარებაზე, ასევე გავცეთ პასუხი ყველა იმ შესაძლო კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ეს საიტი უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში ეს საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სრულად მოვიცვათ და დავფაროთ ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.