მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისთვის 1 035 000 000 ლარი დაიხარჯება – ვინ რა ოდენობით მიიღებს დახმარებას

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სოციალური დახმარება მოდელის პრეზენტაცია გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს იმ ძირითად ღონისძიებებს, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო უახლოეს მომავალში დაიწყებს. წარმოდგენილი იქნა დეტალური გეგმა, თუ ვინ მიიღებს სახელმწიფოს დახმარებას და რა შესაძლებლობები აქვს ხელისუფლებას მოქალაქეებისა დასახმარებლად. ეს ეხება სწორედ საკომპენსაციო ზომებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით.

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას და პანდემიასთან ბრძოლას 350 000 000 ლარი მოხმარდება. რაც შეეხება მოქალაქეთა ზრუნვასა და სოციალურ მხარდაჭერაზე კი 1 035 000 000 ლარი დაიხარჯება.

წარმოდგენილი მოდელის მიხედვით, ფინანსურ დახმარებას მიიღებენ დაქირავებით დასაქმებულები, თვითდასაქმებულები და მოწყვლადი კატეგორიები: სოციალურად დაუცველი ოჯახები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.

65 000-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას ოჯახის წევრზე. ერთწევრიანი ოჯახისთვის კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 70 ლარს, ორწევრიანი ოჯახისთვის – 90 ლარს, 10-წევრიანი ოჯახისთვის – 350 ლარს, ხოლო 15-წევრიანი ოჯახისთვის – 525 ლარს. კომპენსაცია გაიცემა ექვსი თვის განმავლობაში. 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი 16 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვი, ასევე მკვეთრად გამოხატული შშმპ და შშმ ბავშვები მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში. აღნიშნულ პირებს კომპენსაციის მისაღებად არ სჭირდებათ დამატებითი განაცხადის ან დოკუმენტაციის წარდგენა. ფინანსური დახმარების გაცემა 20 მაისიდან დაიწყება.

რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულების ფინანსურ დახმარებას, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან არიან უხელფასო შვებულებაში, აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესებულია 1200 ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად200 ლარის ოდენობით. დაქირავებულზე კომპენსაციის გაცემა განხორციელდება საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით.

თვითდასაქმებულებზე კომპენსაციები გაიცემა ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით, თუმცა გამოყოფილია ორი კატეგორია: ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში. პირველი კატეგორიის თვითდასაქმებულების იდენტიფიცირებას ახდენს შემოსავლების სამსახური 2020 წლის 20 მაისამდე. პირები კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე eservices.rs.ge -ზე. ამ კატეგორიის პირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge გაიხსნება ელექტრონული განაცხადის ფორმა.

ხოლო მეორე კატეგორიის თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე – www.moh.gov.ge, უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა. განაცხადი მოიცავს იმ კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებს მათ შემოსავალს და ეკონომიკურ საქმიანობას 2020 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში.კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებებს სსიპ დასაქმების სააგენტო განიხილავს სამუშაო ჯგუფთან ერთად და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს შესაბამის უწყებათაშორის კომისიას.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ეფექტური განხორციელების და ეკონომიკურ საქმიანობებზე შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იწყება ბიზნეს სექტორის მონიტორინგი.

„იმისათვის, რომ ეკონომიკის ამოქმედების მეორე ეტაპიდან განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელმა პირებმა მოიპოვონ საქმიანობის აღდგენის ნებართვა, ამისათვის აუცილებელია გაიარონ რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით. განცხადების წარდგენის შემდგომ, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განხორციელდება რეგისტრირებული სუბიექტების მონიტორინგი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ. საქმიანობის აღდგენის ნებართვის მოპოვების მიზნით აუცილებელია, რომ ბიზნეს სუბიექტები აკმაყოფილებდნენ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ წესებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც დააკმაყოფილებს შესაბამის წესებს, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე მიეცემათ საქმიანობის განხორციელების უფლება. აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505.