ხვალიდან პისიარ ტესტირება საქართველოს კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პისიარ მეთოდით ჩატარებული ტესტების რაოდენობა ქვეყანაში სულ უფრო იზრდება.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ხუთ ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა და აქედან 92 პროცენტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე მოდის.

“მინდა, გაუწყოთ, რომ თანდათან პისიარ ტესტირება ქვეყანაში იზრდება, უფრო ფართოვდება. ჩვენ დღეს დილას გვქონდა ლაბორატორიული კვლევების პიკი. 24 საათში ჩატარდა 695 კვლევა ხუთ ლაბორატორიაში და აქედან 92 პროცენტი მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე – ლუგარი, ბათუმი და ქუთაისი. ხვალიდან უკვე ემატება კიდევ ხუთ ლაბორატორია, აქედან სამი თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთი ბათუმში,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.