“საქართველოს „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას ეხმიანება. გახარიას თქმით, საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია.

“დღეს ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის დაასახელა, რომელზეც წევრი სახელმწიფოებისთვის საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გასცემს.

საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით.

ახლა უკვე, ჩვენ უშუალოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან განვაგრძობთ აქტიურ კონსულტაციებს, რათა ევროკავშირის მხრიდან გამოქვეყნებული ამ დოკუმენტის შესაბამისად, კოორდინირებულად, ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით, მადლობას ვუხდი ევროკავშირს აღიარებისთვის, ნდობისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის,” – წერს გიორგი გახარია.