ამირან გამყრელიძე-ზოგ ლაბორატორიას ინფიცირებული რამდენიმე შემთხვევა გაეპარა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ტესტირებაზე მომუშავე რამდენიმე ლაბორატორიამ ინფიცირებულ პირს კორონავირუსი ვერ დაუდგინა.

გამყრელიძის თქმით, იმისათვის, რომ ინფიცირების შემთხვევები ზუსტად დადგინდეს, “გარე კონტროლის” სისტემა აამუშავეს.​

“რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა ზოგიერთ ლაბორატორიაში გაპარული – როცა გადამოწმდა, აღმოჩნდნენ “არადადებითები” და დაუყოვნებლივ გადაყვანილები იქნენ”, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემაც ისაუბრა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, კორონავირუსთან თანაცხოვრებას თუ გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს ვაგრძელებთ აბსოლუტური უმრავლესობა, მეორე ტალღა  ძალიან შორის იქნება.

„ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის, რადგან პრაქტიკულად იქ მას შემდეგ, რაც გაიხსნა რაღაც ბიზნეს აქტივობები, შემობრუნდა კორონავირუსი და ფართოდ გავრცელდა. ასე რომ, მეორე ტალღა ბევრ ქვეყანაში არის. ლაპარაკი არის იმაზე, რომ როდესაც რესპირაციული დაავადებების სეზონი დადგება, სამწუხაროდ, ეს რეალობაა, რომ ზოგ ქვეყანაში ისევ შეიძლება, მესამე ტალღა იყოს.

ჩვენ შემთხვევაში, კორონავირუსთან თანაცხოვრებას თუ გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს ვაგრძელებთ აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ ყველა არა, ეს მეორე ტალღა იქნება ძალიან შორის. თუ არ გავაგრძელებთ კორონავირუსთან ისევე კარგად მოქცვევას, როგორც ჯერჯერობით ვიქცევით, იქნება უფრო ახლოს“, – განაცხადა იმნაძემ.