მობილურ ოპერატორებს თანხმობის გარეშე მობილური მომსახურების გაძვირება აეკრძალათ

„მაგთის“, „სილქნეტსა“ და „ბილაინს“ თანხმობის გარეშე მობილური მომსახურების გაძვირება აეკრძალათ.

ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, კომისიის ეს გადაწყვეტილება ეხება როგორც მობილურ ხმოვან და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე – მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

 

„კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე, „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ვიონი საქართველო“ მობილურ მომსახურებებზე ტარიფებს ვეღარ გააძვირებენ. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვისა და სატარიფო ზეწოლისგან დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ახალი რეგულაცია ეხება, როგორც მობილურ ხმოვან და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე – მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

კომისიის მიერ მიღებული ახალი რეგულაცია იქნება გარანტი იმისა, რომ არსებული შეთავაზებები შენარჩუნდეს და მომხმარებელი არაგონივრულად მაღალი ფასებისგან დაიცვას.

კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგად მიიღო. კვლევის ფარგლებში, კომისიამ საცალო სეგმენტზე „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „ვიონი საქართველოს“ არსებული შეთავაზებები შეისწავლა და დეტალური ანალიზი ჩაატარა მობილური მომსახურებების ბაზარზე აბონენტების საჭიროებების შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნულ ბაზარზე არსებული შეთავაზებები, განსაკუთრებით ხმოვანი მომსახურებების ნაწილში, არასაკმარისად დივერსიფიცირებულია აბონენტების მოთხოვნილების საპასუხოდ. შესაბამისად, აბონენტი ხშირად იძულებულია შეიძინოს მომსახურების კომბინირებული პაკეტი, ისე, რომ ამ პაკეტის სრულ რესურსს არ იყენებს.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შედეგად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას, კომისიის თანხმობის გარეშე, მომსახურების ტარიფები შეცვალონ,“-ნათქვამია განცხადებაში.