პაატა მხეიძე-თვისობრივად ქალაქში ეკოლოგიის მხრივ არაფერი შეცვლილა

საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი ინტერუწყებრივი ჯგუფის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კომიტეტში ქალაქ რუსთავის წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გაწეული სამუშაოს შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებს მიმართა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტის წევრმა პაატა მხეიძემ და აღნიშნა, რომ პრობლემები, რომელიც მან სამუშაო ჯგუფს წინა შეხვედრებზე გააცნო არის ათეული წლების განმავლობაში დაგროვებული, თუმცა, მათი ხანდაზმულობის მიუხედავად უპირობოდ გადაწყვეტას და მოგვარებას საჭიროებს.

“თვისობრივად ქალაქში ეკოლოგიის მხრივ არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმ 40 დღეს, როდესაც პანდემია მძვინვარებდა. ამ დღეებში შეჩერებული ეკონომიკური აქტივობა ქალაქისთვის ძალიან დიდი ხსნა იყო. თორემ მანამდე, ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების მაჩვენებელი 77%-ს აღემატებოდა. ეს არის თემა რომელზეც უნდა შევჯერდეთ. ყველა პოზიტივი, რომელიც შეიძლება ქალაქში რაღაც საკითხების გადაწყვეტით იყოს განპირობებული იფარება ნეგატივით (იგივე აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ხალხის უფასოდ გაშვების თემა იფარება ნეგატივით, რომ თითქოს ამას სამკილოანი ჰაერი ჩამოაქვს აბასთუმნიდან და ამით აპირებს დაავადებებს უმკურნალოს) ქალაქში უპირობოდ ნეგატიური ფონია, რომელსაც ჩვენი მხრიდან გამოსწორება სჭირდება. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივისთვის და მინდა ვისურვო, რომ თქვენი საქმიანობა იყოს ქმედითი”,- აღნიშნა რუსთავის მაჟორიტარმა-დეპუტატმა.

ინტერუწყებრივი კომიტეტის სხდომაზე პაატა მხეიძემ გარდა  ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობისა და  საწარმოების მიერ გარემოს დაბინძურების საკითხისა, სააგარაკე ნაკვეთების და მოსახლეობისათვის დაკავებული ფართების დაკანონებაზეც ისაუბრა. 

“რუსთავისთვის სასიცოცხლოდ გადასაჭრელი ორი პრობლემაა: 1. საკუთრების უფლება სააგარაკე ნაკვეთებთან მიმართებაში იაღლუჯზე, გაჩიანზე, ფოლადაანთკარზე და 2. საბინაო ფონდი – იქ შესულ მოსახლეობას არ აქვთ შეჭრილი სტატუსი. არიან ელექტროენერგიის, წყლის, გაზის აბონენტები, მაგრამ არ აქვთ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

დღეს მთავრობის სხდომაზე გამოვიდა სამწლიანი მიწის რეგისტრაციის დასაწყისი. ქვეყნის ხუთ რეგიონში მიწის რეგისტრაცია სამ წელიწადში უნდა ამოიწუროს. ვფიქრობ იქნება შესაძლებელი, რომ მივამატოთ რუსთავი. ეს ქალაქისთვის იქნება დამატებითი აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია უამრავ სოციალურ საკითხთან, რადგანაც ეხება დაახლოებით 4 000 ოჯახს. ეს საკითხები არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ძალისხმევასთან, ვინაიდან სჭირდება მხოლოდ ხელისუფლების ნება, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ მანამ, სანამ იგივე ქონება ეკონომიკის სამინისტროდან არ გადაეცემა ქალაქის მუნიციპალიტეტს. საკითხების გადაწყვეტას ბიუროკრატიული ნორმები უშლის ხელს. ოჯახები კი ვერ იფორმებენ საკუთრებას, ვერ ყიდიან და რეალურად ვერ ერთვებიან ეკონომიკურ ჯაჭვში”,- აღნიშნა პაატა მხეიძემ.