პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ო.გ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დააკავეს.

მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და 1990 წელს დაბადებულმა თ.ი.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ო.გ.-მ თან ნაქონი, გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი იარაღიდან ორჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი თ.ი.-ს ბასრი საგნით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაულები ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.