საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები სწავლებას ამერიკელ პარტნიორებთან ერთად გადის

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები ამერიკულ პარტნიორებთან ერთად სწავლებას გადის.

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებისა და აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯგუფის ერთობლივი საჩვენებელი სწავლება-რეიდი ობიექტზე გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების მიზანს წინააღმდეგობის ძალების ჩამოყალიბება და მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკის დახვეწა წარმოადგენს. 

„საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ობიექტზე თავდასხმის, ჩხრეკისა და განადგურების ოპერაციები განახორციელეს. სწავლებას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი იოსებ ლოლაძე, სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის საელჩოს მასტერ-სერჟანტი გრეგ ენჯელი.

მსგავსი, ერთობლივი ქართულ-ამერიკული გეგმიური წვრთნები სპეციალური ოპერაციების ძალებში რეგულარულად მიმდინარეობს. სწავლება სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონში უკვე ჩატარდა“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ამას გარდა, ცნობილია, თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება იწყება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სპეციალურად მოწყობილ საველე სამზარეულოში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ სასადილოებში მომუშავე მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი მზარეულები ჩაუტარებენ. 

პროექტი, რომელიც თავდაცვის ძალების მზარეულების გადამზადებასა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად, დაიწყება 1 ივლისს, წეროვანში, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში.

პროექტის შედეგად ქართველი სამხედროების მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახდება და საგრძნობლად გაუმჯობესდება მათი კვების ხარისხი.