შსს არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ვებგვერდების ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გარკვეულ ინტერნეტ საიტებზე ხელმისაწვდომობის საკითხს ეხმაურება.

როგორც შსს-ის განცხადებაშია ნათქვამი, ვებგვერდები, რომელზეც დღესდღეობით სავარაუდოდ განთავსებულია საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვნების ფოტოები, მათი დომეინები არ არის საქართველოში რეგისტრირებული, რაც საკმაოდ ართულებს აღნიშნული მასალის დაბლოკვის შესაძლებლობას.

„მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2019 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მასალა ხელმისაწვდომია სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე.

აღნიშნულ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალების დამზადება ხორციელდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო მისი შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა ინტერნეტ საშუალებებით, რამაც ხელი შეუწყო დიდი მოცულობის ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებასა და ბავშვთა პორნოგრაფიის მომხმარებელთა ხელში მოხვედრას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალების მომხმარებლები თავადაც ახდენენ მსგავსი შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის რეალიზაციას და სწორედ ამან განაპირობა მათი გავრცელება საეჭვო რეპუტაციის მქონე ვებგვერდებზე.

რაც შეეხება იმ ვებგვერდებს, რომელზეც დღესდღეობით სავარაუდოდ განთავსებულია საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვნების ფოტოები, მათი დომეინები არ არის საქართველოში რეგისტრირებული, რაც საკმაოდ ართულებს აღნიშნული მასალის დაბლოკვის შესაძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაშიც, მასალა, რომელიც ტელევიზიაში გასულ სიუჟეტში იქნა ნაჩვენები, ატვირთული იქნა უცხოურ საიტზე, რომელიც სავარაუდოდ გაიყიდა გამოძიების დაწყებამდე ან/და მიმდინარეობის დროს. ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული მასალა ხელმისაწვდომი არ გამხდარა სისხლის სამართლის საქმიდან და შესაბამის საიტებზე არ ატვირთულა საქართველოს ტერიტორიაზე.

აღნიშნული სირთულეების მიუხედავად, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, მუდმივად ხორციელდება უცხოური სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, რითაც მაქსიმალურად ვცდილობთ, მსგავსი ფაქტების აღკვეთასა და პრევენციას“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.