გოგი მეშველიანმა ბოლნისში კარანტინის პერიოდში გატარებული ღონისძიებების ანგარიში წარადგინა(+ვიდეო)

ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა ადგილობრივ საზოგადოებას მკაცრი კარანტინის პერიოდში ბოლნისის მუნიციპალიტეტში გატარებული ღონისძიებების ანგარიში წარუდგინა. 

მაჟორიტარმა ისაუბრა, როგორ ცხოვრობდა მუნიციპალიტეტი საკარანტინე რეჟიმში, რამდენად ეფექტურად იმოქმედა ხელისფულებამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და რა იყო კარანტინის პერიოდში ის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც გადაიდგა კრიზისული სიტუაციის მართვის დროს.

გოგი მეშველიანის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში, საერთო ჯამში სასურსათო დახმარება 12 567 ოჯახმა მიიღო. ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწია 253 მოქალაქეს. ბოლნისში მცხოვრები 230 ადამიანი კი მედიკამენტებით იქნა უზრუნველყოფილი.

გარდა ამისა, მოქალაქეებს ასევე დაუფინანსდა მკურნალობა და დიაგნოსტიკური კვლევები. კარანტინის პერიოდში, ქრონიკული დაავადების მქონე 230 პირს გადაეცა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, 83-მა ოჯახმა კი მიიღო ჩვილ ბავშვთა კვება. გოგი მეშველიანის ინიციატივით საკარანტინო პერიოდში მიუსაფარი ცხოველები უზრუნველყვეს საკვებით.

,,საგანგებო ვითარება და კრიზისი აბსოლუტურად სხვაგვარად წარმოაჩენს ნებისმიერ ადამიანს და მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი მერიის, ჩემი ბიუროს თანამშრომლებს, „ქართული ოცნების“ აქტივს და მოხალისეებს აღმოაჩნდათ კრიზისულ სიტუაციაბში მუშაობის კარგი უნარები. ისინი მუშაობდნენ თავისი ადამიანური შესაძლებლობების პიკზე“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

მისივე ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინის პერიოდში არაერთი ადამიანი გაერთიანდა თანამოქალაქეების დასახმარებლად: 230 ადამიანი საკუთარი ინიციატივით ჩაერთო მოხალისეობრივ საქმიანობაში, ხოლო შემოწირულობა 70-ამდე კერძო პირმა და ორგანიზაციამ გაიღო.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინი 23 მარტიდან ამოქმედდა და 61 დღე გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი 23 მაისს გაიხსნა, დარჩა ორი იზოლირებული დასახლება: სოფელი გეტა და მუშევანი. გეტაში მკაცრი კარანტინი 15 ივნისამდე გაგრძელდა, ხოლო მუშევანში საკარანტინო რეჟიმი 1 ივლისს დასრულდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში PCR მეთოდით სულ 3 721 ადამიანი გამოიკვლიეს. გამოვლინდა COVID-19-ის 192 დადასტურებული შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა 4, ხოლო გამოჯანმრთელდა 188 პაციენტი.