აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან მოიხსნა

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან მოიხსნა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას  აბიტურიენტის ოჯახის წევრი აქვეყნებს. 

“გამარჯობათ! აბიტურიენტი, რომელსაც კორონა ვირუსი აღმოაჩნდა არის ჩემი ოჯახის წევრი. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. კონსერვატორიაში ვოკალის განხრით აბარებს, სადაც ვოკალში ყველაზე მაღალი-98 ქულა აიღო და ფაქტიურად გაინაღდა უფასო ადგილი. მხოლოდ მინიმალურის გადალახვა დარჩა სხვა გამოცდებზე. როგორც გვითხრეს აღარ დაიშვება გამოცდებზე და ფაქტიურად ამხელა წარმატებას წყალში უყრიან ბავშვს. ქართული ოპერის წამყვანი მომღერლები უკვე კარგად იცნობენ ამ ბავშვს. ვთხოვ ხელისუფლებას, რომ გამონახოს რაიმე მექანიზმი და ამ ბავშვს ამხელა წარმატებას ნუ დაუკარგავენ.”,-წერს აბიტურიენტის ნათესავი.

ინფორმაცია აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის შესახებ TV4-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს. მათი განცხადებით, აბიტურიენტი 2020 წლის ეროვნული გამოცდებიდან მოიხსნა და ამასთანავე ინდივიდუალური გამოცდის დანიშვნის საკითხი არ განიხილება.  

მათივე ინფორმაციით, ყველა ის აბიტურიენტი, რომლებიც იმყოფებოდნენ მასთან ერთად სექტორში, შესაბამისი წესების დაცვით გააგრძელებენ საგამოცდო პროცესს.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ივლისის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე იმყოფებოდა. ამ დროისთვის ის კოვიდის მიმღებ დაწესებულებაში მკურნალობს. რაც შეეხება მის ოჯახის წევრებსა და კონტაქტებს, ისინი საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებული.