გარდაბანში კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა აბიტურიენტია და ის გამოცდაზე 7 ივლისს იმყოფებოდა

 ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის , ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აბიტურიენტს “კოვიდ 19″  7 ივლისს დაუდგინდა.ამირან გამყრელიძის ცნობით, გამოსაცდელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  

“გუშინ ჩვენ მიერ გვიან ღამით დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იმ საოჯახო კონტაქტების რიცხვიდან,რომელიც გუშინწინ ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. როდესაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური იკვლევდა მასთან კონტაქტირებულ ადამიანებს, ერთ-ერთ ახალგაზრდა გოგონას კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, რომელიც 7 ივლისს გასულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საგანგებო კონსულტაცია საგამოცდო ცენტრთან და ყველა ღონისძიებაა გატარებული იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების პრევენცია გავაკეთოთ და ასევე, აბიტურიენტებს მივცეთ საშუალება, ვინც მასთან წერდა საგამოცდო ტესტებს, რომ გააგრძელონ შესაბამისი წესების დაცვით გამოცდები. ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას განსაკუთრებულად არაფერი აწუხებს. ის გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი მკურნალობისთვის”, -განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, აბიტურიენტს კორონავირუსი გარდაბანში დაუდასტურდა. გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,”კოვიდ 19″ გარდაბანში ბებიას და შვილიშვილს დაუდასტურდათ. ასაკოვან ქალს ვირუსული ინფექცია სწრაფი ტესტით გარდაბნის “ჯეოჰოსპიტალსში” დაუდგინდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა ტესტზე პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან,კოვიდინფიცირებული პირის გამოკვლეული კონტაქტებიდან “კოვიდ 19″ მის შვილიშვილსაც დაუდგინდა,რომელიც Tv4-ის ინფორმაციით აბიტურიენტია.  

უცნობია,რომელ საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა აბიტურიენტი და იყო თუ არა ეს რუსთავის საგამოცდო ცენტრი . შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, საკითხის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, კომენტარს არ აკეთებენ.