გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 16.5%-ით შემცირდა

საქართველოში 2020 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია მშენებლობის 4169 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,5 პროცენტით ნაკლებია. აღნიშნულ პერიოდში მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 

„საქსტატის“ ცნობით, რაც შეეხება ფართობს, შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე მშენებლობისთბის ნებართვა 2576,8 ათასი კვ.მ ფართობზე გაიცა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,8 პროცენტით ნაკლებია. ნებართვების 78,3 პროცენტი ქვეყნის ოთხ რეგიონზე მოდის. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 56,0 პროცენტი – თბილისზე, 9,6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 6,4 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე და 6,3 პროცენტი  -აჭარის რეგიონზე.

უწყების განმარტებით, 2020 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით არის წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

ამასთან, დასრულებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ასევე ოთხ რეგიონზე ნაწილდება, მათ შორის 29,3 პროცენტი  – თბილისი, 14,4 პროცენტი – კახეთის რეგიონი, 12,1 პროცენტი – იმერეთი, ხოლო 9,4 პროცენტი – ქვემო ქართლი.

ოფიციალური მონაცემებით, სულ 2020 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 758,8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 44,6 პროცენტით ნაკლები) 810 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 34,5 პროცენტით ნაკლები).