საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს დღეს, 2 ივლისს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

საუბარია კანონპროექტთა პაკეტზე, რომელიც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ უნდა მიიღოს. ახალი კონსტიტუციური ნორმები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით უნდა ჩატარდეს, საარჩევნო კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს. ახლა პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიღების გაცხადებული მიზანიც კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია და დახვეწაა.

პაკეტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, ინიციატორები კი „ქართული ოცნების“ პარლამენტარები არიან: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი.