საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ასურეთში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სოფელ ასურეთში იმყოფება. მთავრობის მეთაურმა  სოფელ ასურეთში, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან, მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან  და გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად, გერმანული დასახლება დაათვალიერა, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩაზე მე-19 საუკუნის გერმანული, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, რამდენიმე საცხოვრებელი სახლისა და ძველი გერმანული სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა, რისთვისაც მთავრობამ ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

პრემიერის თქმით,  პირველი გერმანული დასახლება საქართველოში ისტორიულად 1827 წლიდან იყო, უკვე 200-ზე მეტი წელი გავიდა და სწორედ ამ 200-წლიან იუბილეს ეძღვნება ასურეთში ერთ-ერთი ქუჩის რეაბილიტირების იდეა.

„ჩვენი აქ ყოფნა არის სიმბოლური. ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელმაც უნდა განავითაროს შიდა ტურიზმი. ჩვენ, ხელახლა ყველამ ერთად უნდა აღმოვაჩნოთ ჩვენი სამშობლო, საქართველო. სიმბოლურობა რაში მდგომარეობს, ჩვენ ყველანაირი პირობის გარეშე გავხსენით მოგზაურობა გერმანიასთან, ეს არის საქართველოში პირველი გერმანული დასახლების ისტორიული ადგილი. პირველი გერმანული დასახლება საქართველოში როგორც ჩანს, ისტორიულად იყო 1827 წლიდან, უკვე 200-ზე მეტი წელი გავიდა და სწორედ ამას ეძღვნებოდა, ამ 200-წლიან იუბილეს ეძღვნებოდა იდეა ამ ქუჩის რეაბილიტირების. აქ, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ჩვენ ამას ერთად გავაგრძელებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ისტორიაც უნდა გვახსოვდეს, გერმანელებიც უნდა გვახსოვდეს, რადგან ამ ხალხს, საკმაოდ მძიმე ისტორია ჰქონდათ.

მოგეხსენებათ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეს ხალხი საქართველოდან გადაასახლეს და ეს იყო საკმაოდ მძიმე. თუმცა, თანაცხოვრების შესანიშნავი ისტორია იყო, რომელსაც ახლა ჩვენ აქ ყველანი ვხედავთ. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას. ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ყველა ადგილი, რომელიც შესაძლებელია, იყოს დავიწყებული. ჩვენი ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, ხელახლა უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი, რათა, როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და ჩვენი უცხოელი სტუმრები ჩამოვლენ, საუკეთესო გიდი იყოს თითოეული ჩვენგანი, მოვუყვეთ ჩვენს ქვეყანასა და სამშობლოზე“, – განაცხადა გახარიამ.