ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 28 ივლისს, თბილისში, მუხიანში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შევიდა და თანხის შემდგომი გადახდის პირობით, ალკოჰოლური სასმლის მიცემა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ კი ამავე მაღაზიის მეპატრონესა და მის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.