სამგზავრო ავტობუსისა და მისი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამეგრელო – ზემო სვანეთში სამართალდამცავებმა სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი -1974 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც ერთი მგზავრი დაშავდა და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა დაზიანდა. 

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში, ზუგდიდი-თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა. პოლიციამ გ.ჯ. ხობში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.