რუსთავის ქუჩებში სააგიტაციო მასალები გამოჩნდა

2020  წლის  საპარლამენტო არჩევნებისთვის რუსთავის ქუჩებში სააგიტაციო მასალები გამოჩნდა. არის თუ არა აღნიშნული კანონდარღვევა Tv4-მა  კითხვით რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიმართა. 

როგორც ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული ქმედება  კანონდარღვევაა და საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს. მათივე ცნობით, პოლიტიკურ პარტიებს გაფრთხილებით უკვე მიმართეს და იმ შემთხვევაში თუ მასალებს არ ჩამოხსნიან, დავა სასამართლოში გაგრძელდება.

სამსახურის ცნობით, საკრებულო დადგენილებას მიიღებს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო პლაკატების განსათავსებლად სპეციალური ადგილები განისაზღვრება .

ამასთან, სააგიტაციო მასალების განთავსება, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა, პირველ შემთხვევაში 50 ლარიან სანქციას ითვალისწინებს, ხოლო განმეორებით შემთხვევაში პოლიტიკური სუბიექტები 500 ლარით დაჯარიმდებიან.

ცნობისთვის საარჩევნო კოდექსის თანახმად,  სააგიტაციო მასალების განთავსება კონკრეტულ ნაგებობებზე აკრძალულია. საარჩევნო პლაკატების განთავსება აკრძალულია, რელიგიური საკულტო დაწესებულებების და ახლადრეაბილიტირებული შენობების ფასადებზე , ასევე გარე განათების ბოძებზე, გარდა შიდა ეზოებში განთავსებული ბოძებისა.   მასალების გაკვრა ასევე  იკრძალება კულტურული და საგანმანათლებლო შენობების ფასადებზეც.