რუსთავში ინოვაციური სტარტაპ-იდეების კონკურსი ჩატარდება

რუსთავის პროფესიული კოლეჯის, “მოდუსის” შენობაში ინოვაციების ჰაბის ორგანიზებით, “სტარტაპ-იდეების” კონკურსის მოსამზადებელი დიზაინ-ვორკშოპი გაიმართა.

ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელის, რეზო ბარბაქაძის განცხადებით, კონკურსის მთავარი არსი ბიზნესიდეის შეთავაზებაა, რომელიც აუცილებლად რუსთავში გაკეთდება და ქალაქისთვის ფუნქციურად მნიშვნელოვანი იქნება.

“შეზღუდვა ტერიტორიული არ გაგვაჩნია , ანუ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი რეგიონიდან შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. პირობა არის ის, რომ ეს აუცილებლად რუსთავში უნდა გაკეთდეს. საუბარი არის ძირითადად ბიზნესიდეაზე, რაც ქალაქს უნდა გამოადგეს და ქალაქში შეიქმნას ახალი ბიზნესიდეა. ჩვენ საკმაოდ შეზღუდული ვადები გვაქვს, მთელი ეს პროცესი გვინდა, ნოემბრის ბოლოს მორჩეს. სავარაუდოდ, 1 სექტემბრიდან შეიძლება, კონკურსი გამოვაცხადოთ, რომლესაც ექნება ორკვირიანი ვადა. შემდეგ მოხდება შემოსული იდეების გაფილტვრა, შევარჩევთ 8-10 კარგ იდეას, რომელთანაც შემდეგ აქსელერაცია გავაგრძელებთ და საბოლოო ჯამში მეორადი ფილტრის დროს დარჩება 3 ყველაზე კარგად მომზადებული ბიზნესიდეა, რომელსაც უკვე მხარს დავუჭერთ ფინანსურადაც”,- განაცხადა რეზო ბარბაქაძემ.

როგორც ბარბაქაძემ TV4-თან საუბრის დროს აღნიშნა, პროექტი კერძო ბიზნესისთან, საგანმანათლებლო სტრუქტურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნელბებთან თანამშრომლობით განხორციელდება.

მისივე თქმით, იდეის დასაფინანსებლად რუსთავის ინოვაციებიოს ჰაბი დაახლოებით 7000 – 8000 ლარს გასცემს. ამასთან, უფრო მაღალბიუჯეტური პროექტების შექმნის შემთხვევაში პროექტის ავტორს დამატებითი გრანტები და ფინანსური რესურსების მოძიება თავად მოუწევს.