ახალგაზრდული ფორუმი ქვემო ქართლის რეგიონისთვის

ახალგაზრდული ფორუმი ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის 23 სექტემბერს, ონლაინ ფორმატში გაიმართება. ფორუმის ორგანიზატორი ახალგაზრდობის სააგენტოა, რომელმაც მსგავსი ტიპის შეხვედრები დასავლეთ საქართველოს რეგიონებში უკვე გამართა. 

“ახალგაზრდობის სააგენტო „სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრატეგია 2020–2025“–ს ქმნის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი რომელიც მომავალი 5 წლის მანძილზე ახალგაზრდული სფეროს განვითარებას განსაზღვრავს, მათი მონაწილეობით შეიქმნას, ამიტომ ვიწვევთ ახალგაზრდებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. იმისთვის, რომ ამ პროცესში ახალგაზრდების ხმა მკაფიოდ გაჟღერდეს, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, აღმოსავლეთ საქართველოში დაგეგმილი ფორუმები არ გაუქმდება და ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ციფრულ ფორუმში ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა გაერთიანდნენ თემატურ სამუშაო ჯგუფებში და შეიმუშაონ რეკომენდაციები, რომლებიც სტრატეგიის შემუშავების დროს იქნება გათვალისწინებული.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდული ფორუმი ქვემო ქართლის რეგიონის გარდა ასევე გაიმართება კახეთის რეგიონში (25 სექტემბერს), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (26 სექტემბერს) და შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონში (28 სექტემბერს).

რეგიონულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით შემდეგ მისამართზე.