კორონავირუსისგან 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი, 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირებული პაციენტი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, პაციენტს ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები და დიაბეტი. 

„გარდაცვლილი მამაკაცი იყო 60 წელს გადაცილებული. ეს პაციენტი ჩვენთან სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. დაახლოებით, 15 დღე მკურნალობდა. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რადგან იყო დისტრეს სინდრომი, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტთან განვითარდა მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონაროგრაფია სტენტირებით. ერთი პერიოდი გამოსწორდა მდგომარეობა, მაგრამ ისევ რეინფარქტი მოხდა. ორჯერ ავამუშავეთ გული გაჩერების შემდეგ, მაგრამ მესამეჯერ ეს ვეღარ მოხერხდა. მისი მდგომარეობა დაამძიმა იმან, რომ ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, დიაბეტი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ლევან გოფოძემ

22 სექტემბერს ეს კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.

დღეს საქართველოში ვირუსის 218 შემთხვევა გამოვლინდა, 40 კი გამოჯანმრთელდა.