კოსმეტიკურ პროდუქტებში ტყვია და დარიშხანი აღმოაჩინეს

ეტიკეტირების წესების დარღვევა და კოსმეტიკური პროდუქცია, სადაც ტყვია და დარიშხანი აღმოჩნდა – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ ამ ტიპის პროდუქციაში ტყვიისა და დარიშხნის არსებობა აკრძალულია როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში მოქმედი ნორმების მიხედვით. 

„მიმდინარე წლის 11 აგვისტოს გამოვაქვეყნეთ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის შედეგები. როგორც ვიუწყებოდით, 6 ნიმუშში შესამოწმებელი პარამეტრების ზუსტი ოდენობების განსასაზღვრად დამატებითი კვლევა გახდა საჭირო. აღნიშნული კვლევების ჩატარების შემდეგ, დარჩენილი ნიმუშების შედეგებსაც ვაქვეყნებთ.

პროდუქცია შემოწმდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების მიხედვით, გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ ზოგიერთი კონსერვანტის, ტყვიისა და დარიშხნის შემცველობაზე.

ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო მცირე ოდენობით ტყვიისა და დარიშხნის შემცველობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშში“, – აღნშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ შემოწმებული კოსმეტიკური პროდუქციის ჩამონათვალი ასე გამოყურება:

  • ტონალური საცხი “ბალეტი” (მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს “სვობოდა”/რუსეთი)
  • სახის საწმენდი “ალოე” (მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: კოსმეტიკური კომპანია შპს “როზაიმპექსი”/ბულგარეთი)
  • ტანის ლოსიონი “ზიაია” (მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს “ზიაია”/ პოლონეთი)
  • შამპუნი “ბიოკონი” (მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Medical NGO Biocon/უკრაინა)
  • სახის საწმენდი “ბიოკონი” (მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Medical NGO Biocon/უკრაინა)
  • თმის საღებავი “რევლონი N43” (მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს “რევლონი”/იტალია)

აქედან ტყვია და დარიშხანი აღმოჩნდა „ბალეტში“, დანარჩენების შემთხვევაში კი დარღვეული იყო ეტიკეტირების წესები.