გახარია: ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ შვილების თვალებში ჩახედვა შეგვრცხვეს

როდესაც მარტვილში ვიმყოფებით, პირველი, ვინც გვახსენდება დიდი მწიგნობართუხუცესი, დიდი გიორგი ჭყონდიდელია, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ეს საქართველოს სიძლიერის განსახიერებაა, რა თქმა უნდა, ამბროსი ხელაიასთან ერთად და ამ დიდი წინაპრების გზის გაგრძელება თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მარტვილში, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ – მინისტრის თქმით, მარტვილი ყოველთვის გამორჩეული კუთხე იყო სამეგრელოშიც და საქართველოშიც, პირველ რიგში განსაკუთრებული ნიჭის ადამიანებით და იმით, რომ ამ კუთხემ უამრავი საზოგადო მოღვაწე აჩუქა ჩვენს ქვეყანას, ღირსეულია ადამიანები, რომლებიც ღირსეულად ემსახურებოდნენ ქვეყნის განვითარებას.

„მოგესალმებით, მარტვილელებო, მართლაც გამორჩეული კუთხის გამორჩეულო შვილებო. არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც მარტვილში ვიმყოფებით, პირველი, ვინც გვახსენდება დიდი მწიგნობართუხუცესი, დიდი გიორგი ჭყონდიდელია, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ეს საქართველოს სიძლიერის განსახიერებაა, რა თქმა უნდა, ამბროსი ხელაიასთან ერთად და ამ დიდი წინაპრების გზის გაგრძელება თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, პასუხისმგებლობა პირველ რიგში ჩვენი წარსულის, მაგრამ კიდევ უფრო პასუხისმგებლობა ჩვენი მომავლის, მომავალი თაობის წინაშე. მარტვილი ყოველთვის გამორჩეული კუთხე იყო სამეგრელოშიც და საქართველოშიც, პირველ რიგში განსაკუთრებული ნიჭის ადამიანებით და იმით, რომ ამ კუთხემ უამრავი საზოგადო მოღვაწე აჩუქა ჩვენს ქვეყანას – ღირსეულია ადამიანები, რომლებიც ღირსეულად ემსახურებოდნენ ქვეყნის განვითარებას“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნისთვის და მარტვილისთვის მნიშვნელოვანი ბევრი საქმეა დაწყებული, რომელიც ერთად უნდა გავიყვანოთ ბოლოში.

„როდესაც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და მომავალზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ყოფით თემებზეც უნდა ვისაუბროთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველა ვხედავთ, პროგრესი სახეზეა, – ასე თუ ისე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ბევრი რამ კეთდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რემონტისთვის, მიმდინარეობს როგორც სასმელი, ისე საირიგაციო წყლის მოწესრიგების პროცესი, კიდევ ბევრი გვაქვს გასაგრძელებელი ერთად.

ქვეყნისთვის და მარტვილისთვის მნიშვნელოვანი ბევრი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც ერთად უნდა გავიყვანოთ ბოლოში. უნდა დავასრულოთ მარტვილის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება და არა მხოლოდ მარტვილის.

სამეგრელოში ბევრი მუნიციპალიტეტი გვაქვს დარჩენილი გაზის გარეშე, ამიტომ მთავრობა 2021 წლიდან კიდევ გამოაცხადებს გაზიფიცირების 3-წლიან გეგმას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, სამეგრელოს გაზიფიცირება ბოლოში გავიყვანოთ“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს პანდემიას ვებრძვით ყველა ერთად, უჩვეულოდ გვიწევს ცხოვრება. არავის ეგონა გაზაფხულზე და ზაფხულში, რომ ოქტომბერში და შემოდგომაზე მოგვიწევდა იმავე პრობლემებთან დაბრუნება, თუმცა ყოველთვის ვამბობდით, რომ იქნებოდა მეორე ტალღა, ვამბობდით, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და უნდა გავუფრთხილდეთ პირველ რიგში ჩვენი ოჯახების ხანდაზმულ წევრებს.

ჩვენი პასუხისმგებლობა არის იმაში, პირველ რიგში, რომ მესმის, ეს უჩვეულოა, თუმცა არც თუ ისე რთულია პირბადე ვატაროთ, რაღაც პერიოდი დავიცვათ დისტანცია. სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ რვა თვე გავიდა ვირუსის დაწყების შემდგომ და ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოიგონა იმაზე უფრო ქმედითი და ეფექტური, ვიდრე არის პირბადე.

ეს არის უდიდესი გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, არამედ ჩვენი ეკონომიკისთვისაც, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ როგორც პირველი ტალღის დროს, პირველ ტალღას გავუმკლავდით წარმატებით, ერთად უნდა გავაგრძელოთ ელემენტარული წესების დაცვა, რათა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ და სხვა ქვეყნებთან შედარებით რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.