ცქიტიშვილი: ჩვენ უნდა დავაკავშიროთ თბილისი და რუსთავი წითელ ხიდთან

2021-2024 წლებში 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონებში მუნიციპალური და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე რუსთავში, განაცხადა. 

ვიცე-პრემიერის თქმით,  ყურადღება დაეთმობა სოფლებში სხვადასხვა პრობლემების გადაჭრას.

„2024 წლამდე განხორციელდება დამატებით 400 დასახლების გაზიფიცირება, შედეგად 1 400 000-მდე ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, ქვეყნის გაზიფიკაციის დონე კი 90%-ს გადააჭარბებს, დამატებით ათასამდე დასახლებაში მცხოვრებ 500 000 ადამიანს ექნება წვდომა სწრაფ ინტერნეტზე“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ხაზი გაუსვა მაგისტრალების მშენებლობის მნიშვნელობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

„წელს დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზა, მომავალ წელს კი დავიწყებთ თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას და შემდეგ – ბაკურციხე-წნორის მიმართულებით. 2024 წლისთვის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობის თვალსაზრისით ყველა სასაზღვრო პუნქტთან გვექნება ხელშესახები პროგრესი, მათ შორისაა ქვეშეთი-კობის 23კმ-იანი მონაკვეთი, საიდანაც 9 კმ უნიკალური გვირაბია. ამას გარდა, ჩვენ უნდა დავაკავშიროთ თბილისი და რუსთავი წითელ ხიდთან, ასევე – სადახლოსთან და ბათუმი – სარფთან, რაც აუცილებელია მაგისტრალების ერთიანი ქსელის შესაკრავად. ეს ნიშნავს, რომ უკვე მომავალ წელს ჩვენ ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალებით შეგვეძლება ვიმგზავროთ თბილისიდან ჩუმათელეთამდე, არგვეთიდან ლანჩხუთამდე და ქობულეთიდან ბათუმამდე, 2023 წლიდან კი, როცა სამუშაოები დასრულდება რიკოთის უღელტეხილზე, თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალით შეუფერხებლად ჩავალთ. სულ, 2024 წლისთვის აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95%,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.