გამოძიება ქვემო ქართლში არჩევნებთან დაკავშირებით ძალადობის შესაძლო ჩადენის 6 ფაქტზე დაიწყო

შსს-მ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე გამოძიება დაიწყო, აქედან 6 შემთხვევა ქვემო ქართლის რეგიონში ფიქსირდება. – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, რუსთავში მარკირება გავლილი პირების მიერ ხმის განმეორებით მიცემის მცდელობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ქალაქში მსგავსი 19 შემთხვევა დაფიქსირდა. მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა და დანიშნულია ექსპერტიზები.

გამოძიება მიმდინარეობს რუსთავში საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლების უკანონოდ შეჭრისა და კომისიის მუშაობისთვის ხელშეშლის ფაქტზე. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 163-ე მუხლით. მიმდინარეობს ოპერატიული მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დასადგენად. შსს იძიებს ასევე რუსთავში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის მხარდამჭერის მიმართ ძალადობისა და მისი ავტომანქანის დაზიანების ფაქტს.

შსს–მ გამოძიება დაიწყო ბოლნისში საარჩევნო უბნის მიმდებარედ ოპოზიციის მხარდამჭერის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზეც, გამოკითხულია შეტყობინების ინიციატორი, უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ფიზიკური ძალადობა არ ფიქსირდება. კიდევ ერთ ფაქტზე აწარმოებს შსს გამოძიებას ბოლნისში, საქმე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ხულიგნობის ფაქტს ეხება.

რაც შეეხება მარნეულს, გამოძიება სოფელ იმირის საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო.