დავით გარეჯის ინციდენტთან დაკავშირებით,ოფიციალურმა ბაქომ საქართველოს ელჩს ახსნა-განმარტება მოსთხოვა

აზერბაიჯანულ მედიაში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, საქართველოს ელჩს ზურაბ პატარაძეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 14 ივლისს მომხდარი ინციდენტის,კერძოდ, „ადამიანთა ჯგუფის მიერ საზღვრის დარღვევის, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებზე თავდასხმისა და მათი შეურაცხყოფის თაობაზე“
ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს.

როგორც სააგენტო „თურანი“ აღნიშნავს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მხარისგან გამოძიების ჩატარება, შესაბამისი ზომების მიღება და ამის შესახებ ოფიციალური ბაქოს ინფორმირება მოითხოვა.

„მსგავსი მოქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას.ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც პროვოკაციას, რომელიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების წარმოქმნისაკენ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებისა და მისი შედეგების შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა საქართველოს საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ,მიმდინარე წლის 14 ივლისს საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დავით გარეჯის მიმდებარე ზოლში,ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
საქართველოს შესაბამისი უწყებების მყისიერი რეაგირების შედეგად, ინციდენტი მალევე იქნა აღმოფხვრილი, ხოლო მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.