ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება შშს-ში გააკეთეს

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებსთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მას გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილოებას ედავება.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში,“ – აცხადებენ შსს-ში.

ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში დაკავებული კიდევ 4 პირია.

“გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას,” – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის, ნიკანორ მელია.