თეთრიწყაროს აიპების 20-მდე თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა

მერობის მესამე წელს,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. არასამეწარმეო იურიდიული პირების ოპტიმიზაციას  tv4-თან ქორიძე საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვით ხსნის. მერმა სხვადასხვა სამსახურიდან ოცამდე თანამშრომელი გაათავისუფლა, რომლებიც მისი მერობის პერიოდში აიპებში ამ დრომდე, ანუ სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. 

ქორიძის ინფორმაციით მუნიციპალიტეტში ოთხი არასამეწარმეო იურიდიული პირი გაერთიანდა,თუმცა პროცესი გრძელდება და თეთრიწყაროს მერი ჯერ-ჯერობით ვერ გვიზუსტებს, რამდენი აიპის ოპტიმიზაცია მოხდება. tv4-ს ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენი თანამშრომელი მუშაობს  ჯამში აიპებში, ქორიძეს ასევე არ აქვს დაზუსტებული პასუხი.  

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, მერად არჩევიდან სამი წლის შემდეგ აღმოაჩინა,რომ თეთრიწყაროს აიპებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანამშრომლები მუშაობდნენ. ამ ეტაპზე გაჟღერებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის დასრულებამდე, მერიის სხვა სამსახურებში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.