აქცია მთისძირში-მოსახლეობა უსიამოვნო სუნს აპროტესტებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის მოსახლეობა დღეს უსიამოვნო სუნის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. ადგილობრივების განცხადებით, უსიამოვნო სუნი მათ რამდენიმე თვეა აწუხებთ და ეს საკითხი მათთვის ისეთივე მძიმე პრობლემაა, როგორიც რუსთავის მოსახლეობისთვის.

სოფლის მოსახლეობა უსიამოვნო სუნს ახლომდებარე სოკოს ქარხნის “თეთრი ქუდი” წარმოების პროცესს უკავშირებენ.

აქციის მონაწილეებს  მთისძირში გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი შეხვდა. გარდაბნის მერის განცხადებით, როგორც მისთვის არის ცნობილი სოკოს ქარხანა  სპეციალურ ფილტრს ელოდება, რომელიც საწარმომ 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს.

ბუდაღაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ამ ეტაპზე საქმის ვითარებაში გასარკვევად და პრობლემის გადასაჭრელად  ყველა უფლებამოსილი უწყებაა ჩართული.