ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა

tv4-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში ქმარმა ცოლი მოკლა.

როგორც “ქრონიკის” საინფორმაციო სამსახურმა გაარკვია შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. 30 წლამდე ქალი მეუღლემ შარვლის ქამრით გაგუდა. მამაკაცმა მეუღლის ცხედარი მანქანით პოლიციის განყოფილებაში წაიღო და დანაშაულის შესახებ თავად განაცხადა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა. ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ მან რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს მიმართა,თუმცა პაციენტი ცენტრში არ მიიღეს.  “ქრონიკამ” ფაქტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაამოწმა. ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კონფედენციალურობიდან გამომდინარე, ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს , თუმცა  ჩვენთან საუბარში ამბობს,რომ  მას შემდეგ ,რაც მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, ცენტრში საპატრულო პოლიცია  იგივე საკითხთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

როგორც tv4 -მა გაარკვია, მეუღლეებს სამი საერთო შვილი ჰყავთ,მათ შორის ერთი თვეების ბავშვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში სიცოცხლის ხელყოფას გულისხმობს.

tv4 თემაზე მუშაობს.