ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებას, 2020 წლის იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო უზრუნველყოფს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტო შრომის ბაზარს მის მოთხოვნებზე მორგებულ უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებსა და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.
ახალი სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს მომავალი წლიდან უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს, რომელთა ვადიანობაც სამ-ექვს თვეს მოიცავს. სააგენტო კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობასაც გეგმავს.
აქამდე დასაქმება „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ფუნქციებში შედიოდა.









