Tv4-ის მიერ გარემოსდაცვითი დეპარტამენტისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სოკოს საწარმო “თეთრი ქუდი” დაჯარიმდა. ჩვენ მიერ ექსკლუზიურად გადაღებული ვიდეომასალის საფუძველზე სასამართლო უწყების დადგენილებით, კომპანია 500 ლარის ოდენობით დააჯარიმეს.

“Tv4-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე 2019 წლის 15 ოქტომბერს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლები საწარმოს, “თეთრი ქუდის”, ტერიტორიაზე შევიდნენ. საწარმოს მუშაობის შემოწმების შედეგად ქვემო ქართლის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ ნარჩენების მართვის კოდექსის 31 მუხლის 7 ნაწილის შესაბამისად ოქმი შედგა. ოქმი უკვე განიხილა სასამართლომ და გამოიტანა დადგენილება სახდელის დადების შესახებ. დადგენილების თანახმად, კომპანია 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა”,- განაცხადა გარემოსდაცვითი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძემ.

შეგახსენებთ, რომ თეთრი ქუდის წარმოების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს “Tv4” რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად აშუქებდა. ქალაქში უსიამოვნო სუნის პრობლემის შესახებ, არაერთი მასალა მომზადდა. რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური მას შემდეგ გახდა, რაც “tv4-ის” ჟურნალისტებმა ნარჩენების განთავსების წესის დარღვევის ვიდეო მასალა გაავრცელა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიაწოდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ სოკოს საწარმოში „თეთრი ქუდი“ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა არაერთი დარღვევა გამოავლინა.