შსს-ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარის გამოყენებით მესაზღვრეს დაემუქრა

საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

„მიმდინარე წლის 14 იანვარს საქართველოს მოქალაქე – გ.ი. სასაზღვრო ზონაში იმყოფებოდა. მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით.

ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა.

ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფრომაციას ავრცელებს აზერბაიჯანული მხარე.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 14 იანვარს, 12:40 საათზე, საქართველო სასაზღვრო სამსახური აზერბაიჯანის სასაზღვრო რაზმის „შამკირის“ მეთაურს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ სასაზღვრო პუნქტ „კეშიკჩიგალასთან“ ახლოს, საქართველოს ტერიტორიაზე უცნობმა ადამიანმა, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია, ქართველი მესაზღვრე ტყვედ აიყვანა და სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით მიემართება.

“მიღებული ინფორმაციის შემდეგ, მივიღეთ ზომები. მითითებულ ტერიტორიაზე გაძლიერდა სასაზღვრო დაცვა და ასევე შეიქმნა წინააღმდეგობა, რათა თავიდან აგვეცილებინა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადმოსვლის მცდელობა.

13:10 საათისთვის, აზერბაიჯანულმა მხარემ დააფიქსირა 6-7 სამხედრო ფორმაში შეიარაღებული ადამიანის გადაადგილება.”-ნათქვამია განცხადებაში

აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ინფორმაციით, ისინი ერთმანეთში კამათობდნენ. ერთ-ერთ მათგანს ხელში იარაღი და ყუმბარა ეჭირა. რაღაც პერიოდის შემდეგ, შეიარაღებულმა პირმა ჰაერში გასროლა განახორციელა.

“მესაზღვრეებმა უმალვე მიიღეს საბრძოლო პოზიცია და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. ამის შემდეგ, ჯგუფმა მოძრაობა შეწყვიტა. ამ მომენტით ისარგებლეს ქართველმა მესაზღვრეებმა და ჯგუფის განიარაღება შეძლეს.”-აცხადებს აზერბაიჯანული მხარე