სკოლებში სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების აუცილებლობა არ არსებობს. შესაბამისად, საჯარო სკოლებში ხვალ სასწავლო პროცესი აღდგება.

უწყების ცნობით,სამინისტროს მიერ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაცია მიეცათ , რომ არდადეგების პერიოდი სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოეყენებინათ.

ამასთან, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სკოლაში სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი.

„ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.