საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა.
შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
„ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახერხეთ, ამით შეიძლება ვიამაყოთ, რამეთუ, ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებების და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი მიღწევა – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი განცხადებით, მოსახლეობა ვირუსის მეორე ტალღისთვის მზად უნდა იყოს.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეზღუდვის დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები.
სალომე ზურაბისვილმა განაცხადა, რომ შეზღუდვები არ შეეხო ისეთ უფლებებს, როგორიც არის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება. მისივე თქმით, მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად უნდა შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება. „ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს. შეზღუდვის დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლების უფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება. ასევე, დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი დ არც კომენდანტის საათის გამოცხადება,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.