აზერბაიჯანმა ქართულ მხარეს მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები ოჯახებისთვის სურსათი გადასცა

აზერბაიჯანულმა მხარემ, ქვემო ქართლის რეგიონს, მოწყვლადი კატეგორიის 600 ოჯახისთვის სასურსათო პაკეტი გადასცა.

პირველადი მოხმარებისა და გადაუდებელი აუცილებლობის ნივთების და პროდუქტების გადასცემა დღეს მარნეულის მთავარ ბლოკპოსტთან მოხდა, სადაც აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ გასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მხარეებმა რეგიონის წითელ ზონებად გამოცხადებულ მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობაზე, გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

,,მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანელ ხალხს, ხელისუფლებას და ბიზნეს ასოციაციას, რომელთა ორგანიზებითაც დღეს, საკარანტინე სივრცეში, ორ მუნიციპალიტეტში გასანაწილებლად გადმოგვეცა 600 სასურსათო პაკეტი გაჭირვებული ოჯახებისთვის. ეს ერთხელ კიდევ არის ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენ საუკუნეების მანძილზე მოვდივართ მეგობრობით, ერთმანეთის მხარდაჭერით და ეს არის კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. თუმცა, ამ მეგობრობას უნდა ყოველდღიური გაფრთხილება განვითარება და გაძლიერება“-განაცხადა მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

აზერბაიჯანული მხარე მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სასურსათო პაკეტებს რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებსაც გადასცემს.