რუსთავის მერიის ჩატ ბოტი ამოქმედდა

 რუსთავის ინოვაციების ჰაბმა, მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, მერიის ჩატ ბოტი შექმნა. რუსთავის მერიის ჩატ ბოტის სახელია – „სი ბოტი- Ci Bot“. ის მოქალაქეებს ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით საჯარო ინფორმაციას აწვდის სოციალური პროგრამების, არქიტექტურული სერვისის, სამხედრო გაწვევის, მუნიციპალურ ქონებისა და ადგილობრივ მოსაკრებელთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელის, რეზო ბარბაქაძის განცხადებით, საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც საჯარო მოხელეა რუსთავში შეიქმნა.

მისივე  თქმით, ჩატ ბოტი მუნიციპალური სერვისებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მოქალაქეებს კომპეტენტურ ინფორმაციას სწრაფ რეჟიმში მიაწვდის.

ინოვაციების ჰაბის პრეზენტაციას დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ სი ბოტი ,,მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის“ ფარგლებშია შექმნილი და პროექტი რუსთავში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და კომპანია „პულსარის“ მეშვეობით ხორციელდება.