ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი 1 მილიარდ ევროს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისა და მკურნალობის მეთოდის პოვნისთვის გამოყოფს. ამის შესახებ მან კორონავირუსის საკითხებთან დაკავშირებულ ვირტუალურ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
„რეალობაა ის, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, ვიდრე ვაქცინა არ შეიქმნება. აი, ამიტომაც ჩვენ ძალები და აზრები უნდა გავაერთიანოთ, გავიღოთ თანხები, რათა დავიწყოთ კორონავირუსის ვაქცინის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისკენ მიმართული მუშაობა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
კონფერენციაზე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სამკურნალო საშუალება ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კი ამბობს, რომ ეს დიდი გამოწვევა იქნება.