მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკრუსის ათეულში პედაგოგები ქვემო ქართლიდან მოხვდნენ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის კონკურსის ათეული ცნობილია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

ათეულიდან სამი მასწავლებელი ქვემო ქართლის რეგიონიდან შეირჩნენ, ესენი არიან: ციცინო გობაძე – წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; სალომე გოჩოლეიშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო-არქევანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი; ივანე დიდებელი – ორბეთის საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „ახალი თაობის“ ინგლისური ენის მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.

აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.

 

ფოტო: პუბლიკა