გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მილიონ 357 ათასი ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. კონტრაქტორ კომპანიასთან შესაბამის დოკუმენტაციას მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე მოეწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოებს სოფლებში ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „სკინჩი“ შეასრულებს. სოფელ ჯანდარაში, ვახტანგისში, ქესალოსა და ნაზარლოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ტენდერის პირობების მიხედვით კომპანიამ 70 დღეში უნდა უზრუნველყოს.
პროექტის მიხედვით საერთო ჯამში, ოთხივე სოფელში 50 ათასი კვადრატულ მეტრზე ხუთი სანტიმეტრის ასფალტ–ბეტონის გზის საფარი დაიგება. მოსამზადებელი სამუშაოები სოფლებში ხვალიდან დაიწყება. გარდაბნის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობას მკაცრ კონტროლს გაუწევენ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ოთხ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით მილიონი ლარის ღირებულების სატენდერო დოკუმენტაცია გაფორმდება.