რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. რუსთავის #10 საბავშვო ბაღის შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. ძველი ბაღის დემონტაჟის შემდეგ, იმავე ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ექვს სააღმზრდელო ჯგუფსა და 230 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდა. პროექტის ფარგლებში, მოხდა ბაღის შენობის ფასადის საიზოლაციო მასალით დათბუნება, დამონტაჟდა სავენტილაციო, ცენტრალური გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა სველი წერტილები, შემოიღობა და კეთილმოეწყო ბაღის ეზო. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების სატენდერო ღირებულებამ 1 078 222 ლარი შეადგინა, აქედან მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 13, 76 % იყო.
ბაღის გახსნის ცერემონიალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე და საქართველოს განათლებისა,მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ნინო ბესელია, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.