რუსთავში “სოციალური უზრუნველყოფის პოლონური კომიტეტის” ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.ვიზიტის მიზანი, რუსთავის მერიის სოციალური პროექტების გაცნობა და შემდგომი თანამშრომლობის გეგმების დასახვაა.
პოლონური დელეგაციის ვიზიტი დღეს რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში ოფიციალური მიღებით დაიწყება. შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. შეხვედრაზე რუსთავის მერიის სოციალური პროექტების პრეზენტაცია მიმდინარეობს..
დღის განმავლობაში პოლონელი სტუმრები, რუსთავის მერიის ერთ-ერთ სოციალურ პროექტს –სოuციალურად დაუცველთა უფასო სასადილოებს ადგილზე დაათვალიერებენ. მოგვიანებით, პოლონური დელეგაცია რუსთავში ახლადაშენებული მე-10 საბავშვო ბაღის საზეიმო გახსნის ცერემონიალს დაესწრება. პოლონელების ვიზიტის პირველი დღე, რუსთავის ავტოდრომის და ქალაქის ისტორიული მუზეუმის დათვალიერებით დასრულდება.
სხვადასხვა სოციალური პროექტების და ქალაქის გაცნობას დაეთმობა პოლონური დელეგაციის ვიზიტის მეორე დღეც. 22 მაისს სტუმრები რუსთავის შშმ პირთა ცენტრს, იუსტიციის სახლს და ხანდაზმულთა მუნიციპალურ თავშესაფარს ეწვევიან. მოგვიანებით კი, სტუმრები რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკს დაათვალიერეს.