დედაქალაქში უამინდობის შედეგად ძირითადი გამოძახებები გლდანში, მუხიანსა და დიღომში ფიქსირდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორი კორპუსის სარდაფიდან მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, ასევე, სამაშველო სამსახური წყლის ამოტუმბვას ცდილობს „ახმეტელის მეტროს“ შესასვლელიდან.
მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველები ჩარჩენილი მანქანების ქუჩებიდან გამოყვანას ცდილობენ.
მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. „ამ წუთებისთვის, ყველაზე მეტი შეტყობინება შემოსულია გლდანის რაიონიდან, სადაც დაიტბორა მეტროს სადგურ “ახმეტელის” შესასვლელი. მეტროს ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ წუთებშიც აწარმოებენ.
წყლის დაგროვებამ გამოიწვია სამანქანო მოძრაობის შეფერხება გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე. მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველები აწარმოებენ ჩარჩენილი მანქანების ქუჩებიდან გამოყვანას.
ამ წუთებისთვის, მეხანძრე-მაშველები გლდანის რაიონში 5 სახლის სარდაფიდან აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს. წყლის ნაკადმა მოძრაობის შეფერხება გამოიწვია თამარაშვილის ქუჩაზეც, სადაც მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.
ძლიერი წვიმის შედეგად, მოქალაქეები არ დაშავებულან“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.