მარნეულის მერი თემურ აბაზოვი ამ წუთებში რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობაშია. აბაზოვი სასამართლოში საბადრაგო მანქანით მიიყვანეს. სასამართლო პროცესის დაწყებამდე კომენტარი მისმა ადვოკატმა ზვიად ასათიანმა გააკეთა. ასათიანის თქმით დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობას დააყენებს და აბაზოვის 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
,, გავეცანით მასალებს, არ არსებობს მტკიცებულება რომელიც დაამტკიცებს, რომ თემურ აბაზოვს აქვს მიღებული მონაწილეობა დანაშაულში. ვიდეოს გადაღების მომენტში ის არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. რაც შეეხება ხმას ეს ჯერ უნდა დამტკიცდეს თუ ვის ეკუთვნის ხმა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა უნდა დაიდოს. საქმის მასალებიდან კი ირკვევა რომ დაზარალებულს პირადი წყენა აკავშირებდა აბაზოვთან, რადგან აბაზოვმა ვერ შეძლო მისი დასაქმება კონკურსის გარეშე. საქმის მასალებიდან ასევე ჩანს რომ ელჩინ ალახვერდიევი საკმაოდ კონფლიქტური პიროვნება იყო და ცალსახად ჩანს რომ ის დაინტერესებული პირია. ბრალდებები არის უსაფუძვლო”- განაცხადა ზვიად ასათიანმა.
პარალელურად რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ მარნეულის მერის მხარდამჭერები იკრიბებიან და აქციის გამართვას აანონსებენ.