გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ საგამოცდო ცენტრებში დროულად გამოცხადდნენ. ამასთან, მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს ახსენებს, რომ ყველა საგამოცდო ბარათზე მითითებულია გამოცდის დაწყების დრო და აუცილებელია აბიტურიენტებმა არ დააგვიანონ.
„კარგად გაიაზრონ, რომელ საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდნენ აუცილებლად დროულად და რეგისტრაცია გაიარონ. აბიტურიენტს შეუძლია გამოცდაზე მოიტანოს წყალი, პლასტმასის ბოთლით, გაზიანი არ შეიძლება, რადგან გაზიანის გახსნის დროს, პრობლემები იქმნება. მე ვურჩევდი აბიტურიენტებს, წინა საღამოს საყინულეში შედგან ბოთლი და გაყინული წყალი მოიტანონ. აქ დავახვედრებთ ცივ წყალსაც. უნდა მოიტანონ აუცილებლად პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი, ასევე, კალამი, თუ ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ საკუთარი კალმით ურჩევნიათ დაწერა. მეტს სექტორში ვერაფერს ვერ შეიტანენ. მინდა, ყველას გავაფრთხილო, თავი შეიკავონ მობილური ტელეფონების შეტანის მცდელობისგან, რადგან მობილური ტელეფონის აღმოჩენის შემთხვევაში, აბიტურიენტი უპირობოდ მოიხსნება გამოცდიდან”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.