მსურველებს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებასთან ერთად, გამოცდის ძველი სისტემით – დახურულ მოედანზე გავლაც მოუწევთ

მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება მოუწევთ.

მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება მოუწევთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამის პირებს ვალდებულება ექნებათ გამოცდა ჯერ ძველი სისტემით – დახურულ მოედანზე ჩააბარონ, ქალაქში – რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარების უფლებას კი მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებენ.

„მართვის მოწმობის მისაღებად, კანდიდატს თეორიული და განახლებული პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნების მიზნით, პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპად დაიყოფა. კანდიდატები პირველ რიგში გამოცდას დახურულ მოედანზე, არსებული ბარიერების გადალახვის შემდეგ შეძლებენ. მხოლოდ ამის შემდეგ გადავა პოტენციური მძღოლი, გამოცდის მეორე, მართვის უფლების მისაღები გამოცდის ქალაქის რეალურ პირობებში ჩაბარების ეტაპზე“, – განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.

მათივე განმარტებით, ძალაში რჩება დახურულ მოედანზე პრაქტიკული გამოცდისას ამ დროისთვის არსებული ყველა – ექვსივე კომპონენტი, რომელთა გავლაც მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ამჟამად უწევთ.

მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან იყო დაანონსებული, თუმცა წლის ბოლომდე გადავადდა.