პირველად აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი კალამი შეიტანონ

მინდა ყველა აბიტურიენტს მივმართო, ყურადღებით წაიკითხონ საგამოცდო ბარათზე მითითებული ინფორმაცია, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წელს პირველად აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სურვილის შემთხვევაში გელის (ტუშის) საკუთარი კალამი შეიტანონ გამოცდაზე.

“საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო. პორობითად ვამბობ, თუ 09:00 საათზე იწყება გამოცდა, აბიტურიენტი აუცილებლად 08:00 საათზე უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში. მინდა, აბიტურიენტებმა ყურადღება მიაქციონ და რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათზე მითითებული ინფორმაცია. არის შემთხვევები, როდესაც საგამოცდო ცენტრი ან დრო ეშლება აბიტურიენტს,”- განაცხადა მიმინოშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კონდიცირების სისტემაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საპილოტე პროექტის გამართლების შემთხვევაში მომავალ წელს კონდიცირება ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება. აღსანიშნავია, ის რომ რუსთავის საგამოცდო ცენტრი წელს #22 სკოლაში იქნება განთავსებული, სადაც კონდიცირების სისტემა უკვე დამონტაჟდა. წელს ეროვნულ გამოცდებზე 39000-მდე აბიტურიენტი გავა. გამოცდები 2 ივლისიდან დაიწყება.