რუსთავში საკრებულოს სხდომა ოპოზიციის ნაწილის გარეშე მიმდინარეობდა. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი პარტიის წევრების მიმართ ოზურგეთში განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტს გმობენ და სწორედ ამ მიზნით დღეს ნაციონალურ მოძრაობას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შემდეგ რუსთავის საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს უყარეს კენჭი. მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილება იქნა განხილული, რომლის მიხედვითაც, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში ერთი საშტატო ერთეული გაუქმდა, სადაც თანამდებობრივ სარგო 650 ლარით განისაზღვრებოდა, თანხები კი ხელფასის სახით იმავე სამსახურში სხვა თანამშრომლებზე გადანაწილდა. ასევე გაუქმდა რუსთავის ქონების მართვის სამსახურში ერთი საშტატო ერთეული, უფროსის მოადგილის პოზიცია, თუმცა ახალი შტატი შეიქმნა რუსთავის ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის სამსახურში. როგორც დღეს იქნა განმარტებული, ცვლილებას ფინანსური ვალდებულებების ზრდა არ გამოუწვევია. სხდომაზე დეპუტატებმა რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის პროგრამაში ცვლილებებსაც უყარეს კენჭი.