სასჯელაღსრულების სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

კახიშვილის ინფორმაციით, პატარა ციხეების მოდელის ფარგლებში უკვე შემუშავებულია პროექტი, რომელიც 500 კაციანი ციხეების აშენებას ითვალისწინებს.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე იმ სარგებელზეც ისაუბრა, რომელსაც მსჯავრდებული სასჯელის მოხდისას მიიღებს და სასჯელის ვადას შეიმცირებს. ამ მხრივ კახა კახიშვილის ინფორმაციით, უკვე მზადდება კანონპროექტი, რომლითაც ციხეში დასაქმებულ პატიმრებს, სასჯელის ვადა შესაბამისი ფორმულით შეუმცირდებათ.

„რა უნდა შევთავაზოთ ჩვენ ადამიანს, რომელიც მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში, უწევს რამდენიმე წლით სასჯელის მოხდა? რა უნდა შესთავაზოს მას სახელმწიფომ იმისთვის, რომ ის არ დაინტერესდეს კრიმინალური სუბკულტურით და კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლებმა არ მოახდინონ მასზე ზეგავლენა? – ეს არის ბენეფიტები, რომელიც დაკავშირებული იქნება გათავისუფლებასთან. ამიტომ ჩვენ ძალიან მალე წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის შესაბამისად, ერთი მხრივ, ბიზნესს მივცემთ დაინტერესებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნან სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, მსჯავრდებულებს, რომლებიც ჩაერთვებიან შრომით საქმიანობაში, შესაბამისი ფორმულის საფუძველზე გამოაკლდებათ საპატიმრო დღეები და შემცირებული ვადების შესაბამისადაც შეეხებათ ის ბენეფიტები, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით – პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება და ა.შ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური ნაბიჯი და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ საქმიანობაში“, – განაცხადა კახიშვილმა.